სტომატიტი

მერკის სახელმძღვანელო პროფესიონალთათვის (Merck Manual Professional Edition)

სტომატიტი-სამედიცინო-თარგმანისტომატიტი-სამედიცინო-თარგმანი

სტომატიტი (პირის ღრუს მუკოზიტი)

ავტორი: ბერნარდ ჯ. ჰენესი, DDS, ტეხასის A&M უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კოლეჯი რეცენზენტი: დევიდ ფ. მერჩისონი, DDS, MMS, ტეხასის უნივერსიტეტი დალასში ბოლო განხილვა/შესწორება: 2024 წლის იანვარი | მოდიფიკაცია: 2025 წლის აგვისტო

სტომატიტი, ანუ პირის ღრუს მუკოზიტი, წარმოადგენს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას, რომელიც დაწყლულებით ვლინდება და ყოველთვის მტკივნეულია. მისი მიმდინარეობა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი და ლოკალიზებული (შემოფარგლული), ასევე მძიმე და გავრცელებული (დიფუზური).

სტომატიტი შესაძლოა გამოვლინდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დიფუზური შეშუპებითა და ჰიპერემიით (სიწითლით), ან ცალკეული (ერთეული) თუ მრავლობითი მტკივნეული წყლულების სახით. შედარებით იშვიათად, ფორმირდება მოთეთრო ფერის დაზიანებები.

იშვიათ შემთხვევებში, როგორიცაა პირის ღრუს წვის სინდრომი, პაციენტს აღენიშნება მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა, თუმცა ლორწოვანი გარსი ვიზუალურად უცვლელი რჩება.

დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები აძნელებს კვების პროცესს, რამაც შესაძლოა დეჰიდრატაცია და მალნუტრიცია (არასრულფასოვანი კვება) გამოიწვიოს.

პერიოდულად, განსაკუთრებით იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში, მოსალოდნელია მეორეული ინფექციის განვითარება. ზოგიერთი მდგომარეობა მორეციდივე (განმეორებითი) მიმდინარეობით ხასიათდება.


სტომატიტის განვითარება შესაძლოა განპირობებული იყოს ლოკალური ინფექციური პროცესით, სისტემური პათოლოგიით, ფიზიკური ან ქიმიური ირიტანტით (გამაღიზიანები ფაქტორით), ან ალერგიული რეაქციით. ხშირ შემთხვევაში, დაავადების ეტიოლოგია იდიოპათიურია (დაუდგენელია).

ვინაიდან სალივაციის (ნერწყვის დენა) ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის პროტექციას მრავალი დამაზიანებელი ფაქტორისგან, ქსეროსტომია (პირის ღრუს სიმშრალე) მნიშვნელოვნად ზრდის ნებისმიერი ეტიოლოგიის სტომატიტის განვითარების რისკს.

სტომატიტის ყველაზე გავრცელებულ ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, აგრეთვე ცნობილი, როგორც მორეციდივე აფთოზური წყლულები

  • ვირუსული ინფექციები, უპირატესად, მარტივი ჰერპესი (herpes simplex) და ჰერპეს ზოსტერი (herpes zoster)

  • სხვა ინფექციური აგენტები (მაგ., Candida albicans, ბაქტერიები)

  • ტრავმა

  • ირიტანტები (თამბაქო, გამაღიზიანებელი საკვები, ქიმიური ნივთიერებები)

  • ანტინეოპლაზიური (სიმსივნის საწინააღმდეგო) თერაპია (ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია)

  • სისტემური დაავადებები

ანამნეზი

ანამნეზის შეკრებისას აუცილებელია დაზუსტდეს სიმპტომების ხანგრძლივობა და მათი არსებობა წარსულში (მორეციდივე ხასიათი). უნდა განისაზღვროს ტკივილის არსებობა და მისი ინტენსივობა.

აგრეთვე, უნდა დადგინდეს სიმპტომების კავშირი საკვებთან, მედიკამენტებთან, პირის ღრუს ჰიგიენურ საშუალებებთან (მაგ., კბილის პასტა, სავლები) და სხვა ნივთიერებებთან (განსაკუთრებით, პროფესიული ზემოქმედება ქიმიკატების, ლითონების, ორთქლის ან მტვრის მიმართ).

ორგანოთა სისტემების მიმოხილვით ფასდება გამომწვევ მიზეზზე მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობა, კერძოდ:

  • ქრონიკული დიარეა და სისუსტე (რაც შესაძლოა ნაწლავის ანთებით დაავადებაზე ან ცელიაკიაზე მიუთითებდეს);

  • გენიტალური დაზიანებები (დამახასიათებელი ბეჰჩეტის დაავადებისთვის, სიფილისისთვის);

  • თვალისმხრივი ჩივილები (მაგ., გაღიზიანება, უვეიტი ბეჰჩეტის დაავადების დროს);

  • კონსტიტუციური სიმპტომები, როგორიცაა წონის კლება, საერთო სისუსტე და ცხელება (რაც არასპეციფიკურ ქრონიკულ დაავადებაზე მიანიშნებს).

სამედიცინო ანამნეზის შეკრებისას, უნდა დაზუსტდეს ისეთი მდგომარეობების არსებობა, რომლებმაც შესაძლოა პირის ღრუს დაზიანება გამოიწვიონ (მათ შორის, მარტივი ჰერპესი, ბეჰჩეტის დაავადება, ნაწლავის ანთებითი დაავადება). აუცილებელია შეფასდეს პირის ღრუს დაზიანებების რისკის ფაქტორებიც, კერძოდ, იმუნომაკომპრომიტირებელი მდგომარეობა (მაგ., კიბო, დიაბეტი, ორგანოს ტრანსპლანტაცია, იმუნოსუპრესანტების მიღება, აივ-ინფექცია). გარდა ამისა, უნდა დადგინდეს, ჩატარებული აქვს თუ არა პაციენტს კიბოს სამკურნალოდ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია.

ფარმაკოლოგიური ანამნეზით უნდა დაზუსტდეს ინფორმაცია ბოლო დროს მიღებული ყველა მედიკამენტის შესახებ. აგრეთვე, უნდა შეფასდეს თამბაქოს მოხმარება.

სოციალური ანამნეზი უნდა მოიცავდეს მონაცემებს სქესობრივი ქცევის შესახებ, განსაკუთრებით: ორალური სექსის პრაქტიკა, დაუცველი სქესობრივი კონტაქტები და პარტნიორთა სიმრავლე.

ფიზიკური გასინჯვა

სასიცოცხლო მაჩვენებლებიდან ყურადღება ეთმობა სხეულის ტემპერატურას. ფასდება პაციენტის ზოგადი ჰაბიტუსი, სისტემურ დაავადებაზე მიმანიშნებელი ისეთი ნიშნების გამოსარიცხად, როგორიცაა ლეთარგია, დისკომფორტი ან სხვ. პირის ღრუს დათვალიერებით ხდება ნებისმიერი დაზიანების ლოკალიზაციისა და ხასიათის დადგენა. ტარდება კანისა და სხვა ლორწოვანი გარსების (გენიტალიების ჩათვლით) ინსპექცია ნებისმიერი დაზიანების, გამონაყრის, პეტექიების ან დესქვამაციის (აშრევების) გამოსავლენად. ნებისმიერი ბულოზური დაზიანების არსებობისას, შესაძლებელია ნიკოლსკის ნიშნის შემოწმება, რაც გულისხმობს ბულის (ბუშტუკის) მიმდებარე კანზე მსუბუქი ლატერალური ზეწოლით ან პალპაციით ეპიდერმისის ზედა შრეების აშრევებასა და გადანაცვლებას.

საყურადღებო ნიშნები (წითელი დროშები)

შემდეგი ნიშნები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს:

  • ცხელება

  • კანის ბულები

  • თვალის ანთება

  • ნიკოლსკის ნიშანი

ნიშნების ინტერპრეტაცია

ზოგ შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზი ანამნეზიდანვე ცხადია (მაგალითად, ჩატარებული ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპია; სამსახურებრივი შეხება ქიმიკატებთან, აირებთან ან მტვერთან). პირის ღრუს დაზიანებების განმეორებითი ეპიზოდები მორეციდივე აფთოზურ სტომატიტს (მას), მარტივ ჰერპესსა და ბეჰჩეტის დაავადებას ახასიათებს .
ანამნეზში შაქრიანი დიაბეტის, აივ-ინფექციის ან სხვა იმუნომაკომპრომიტირებელი მდგომარეობის არსებობა, ისევე როგორც ახლო წარსულში ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპია, ზრდის Candida-ს ინფექციის ალბათობას.
თუ პაციენტს ბოლო ბოლო პერიოდში ახალი მედიკამენტი (განსაკუთრებით სულფა პრეპარატების, სხვა ანტიბიოტიკების და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების) აქვს მიღებული, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს) უნდა გამოირიცხოს.
ზოგიერთ ეტიოლოგიურ ფაქტორს, როგორც წესი, ახასიათებს ექსტრაორალური (პირის ღრუს გარე), არაკანისმიერი ნიშნები, რომელთა იდენტიფიცირება დიაგნოსტიკის პროცესს უწყობს ხელს. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ მორეციდივე ჩივილები ნაწლავის ანთებით დაავადებაზე ან ცელიაკიაზე მიგვანიშნებს. თვალის სიმპტომები შესაძლოა ბეჰჩეტის დაავადებას ან სტივენს-ჯონსონის სინდრომს ახლდეს თან, ხოლო გენიტალური დაზიანებები — ბეჰჩეტის დაავადებას ან პირველად სიფილისს.

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ გამომწვევ მიზეზს ასევე ახასიათებს ექსტრაორალური, კანისმიერი ნიშნებიც.

კანზე ბულები (ბუშტუკები) შესაძლოა მიუთითებდეს სჯს-ზე, ვულგარულ პემფიგუსზე ან ბულოზურ პემფიგოიდზე. სტივენს-ჯონსონის სინდრომს (სჯს) ხშირად წინ უძღვის პროდრომული პერიოდი (საერთო სისუსტე, ცხელება, კონიუნქტივიტი) და თან ახლავს გენერალიზებული სამიზნისებრი მაკულარული გამონაყარი. ვულგარული პემფიგუსი, თავის მხრივ, ჯერ პირის ღრუში იწყება, რის შემდეგაც ვითარდება რბილი ბულები კანზე. ბულოზური პემფიგოიდის დროს კი გარეგნულად შეუცვლელ კანზე დაჭიმული ბულები ჩნდება. როგორც წესი, ნიკოლსკის ნიშანი დადებითია სჯს-ისა და ვულგარული პემფიგუსის დროს. .

კანზე ვეზიკულური გამონაყარი დამახასიათებელია ჩუტყვავილასა და ჰერპეს ზოსტერისთვის (იხ. ჰერპესვირუსები).

  • ჰერპეს ზოსტერზე მიუთითებს უნილატერალური (ცალმხრივი) დაზიანებები, რომლებიც ზოლისებრად არის განლაგებული დერმატომის პროექციაზე.

  • ჩუტყვავილას ახასიათებს დიფუზური, გაფანტული ვეზიკულური და პუსტულოზური ელემენტები, რომლებიც განვითარების სხვადასხვა სტადიაში იმყოფება.

ჰერპესვირუსული სტომატიტი



კავასაკის დაავადება, რომელიც ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, როგორც წესი, ხასიათდება მაკულარული გამონაყრით, ხელ-ფეხის აქერცვლით (დესქვამაციით) და კონიუნქტივიტით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაზიანებები შესაძლოა სხვადასხვა დროს გამოვლინდეს. პირის ღრუს მხრივ, დამახასიათებელია ტუჩებისა და ლორწოვანი გარსის ერითემა.
კანის სხვა დაზიანებები შესაძლოა მიანიშნებდეს მულტიფორმულ ერითემაზე, ხელ-ფეხ-პირის დაავადებაზე (გამომწვევი კოკსაკის ვირუსი) ან მეორეულ სიფილისზე.
არსებობს მიზეზები, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ პირის ღრუს იზოლირებული დაზიანებით ვლინდება (სისტემური ნიშნების გარეშე). მათ შორისაა მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, ვირუსული ინფექციების უმეტესობა, მწვავე ნეკროზულ-წყლულოვანი გინგივიტი, პირველადი სიფილისი, გონორეა და Candida.

მეორეული მარტივი ჰერპესი

ვულგალური პემფიგუსი (პირის ღრუს ლორწოვან გარსზე)

კანდიდოზური (სოკოვანი) სტომატიტი

დაზიანების ადგილმდებარეობა (ლოკალიზაცია) ხშირად გვეხმარება გამომწვევი მიზეზის დადგენაში. მაგალითად, კბილთაშუა წყლულები პირველად მარტივ ჰერპესს ან მწვავე ნეკროზულ-წყლულოვან გინგივიტს ახასიათებს, მაშინ როდესაც კერატინიზებულ ზედაპირებზე არსებული დაზიანებები უფრო მეტად მარტივ ჰერპესზე ან ფიზიკურ გაღიზიანებაზე მიუთითებს.

ფიზიკურ დაზიანებას, როგორც წესი, უსწორმასწორო (არათანაბარი) მოხაზულობა აქვს. ის ხშირად გვხვდება კბილების შვერილებთან, სტომატოლოგიური აპარატების მახლობლად, ან ისეთ ადგილებში, სადაც ლორწოვანი გარსი ადვილად ზიანდება კბენით ან კბილის ჯაგრისის ტრავმული ზემოქმედებით. გავრცელებული მაგალითებია კბილის მიმდებარე ლორწოვანის დამწვრობა ასპირინით ან სასის თერმული დამწვრობა (მაგალითად, ცხელი საკვებით).
მარტივი ჰერპესვირუსით პირველადი ინფიცირება ხასიათდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე (როგორც კერატინიზებულ, ისე არაკერატინიზებულ უბნებზე) მრავლობითი ვეზიკულური გამონაყარით, პათოლოგიურ პროცესში ღრძილების აუცილებელი ჩართულობით. აღნიშნული ვეზიკულები სწრაფად განიცდის ეროზირებასა და დაწყლულებას. დაავადება კლინიკურად მეტწილად ბავშვთა ასაკში ვლინდება. შემდგომი რეაქტივაციები (მეორეული მარტივი ჰერპესი, ანუ „ჰერპესი ტუჩზე“), როგორც წესი, პუბერტატულ პერიოდში იწყება და ლოკალიზდება ტუჩის წითელ ყაეთანზე, იშვიათ შემთხვევაში კი — მაგარ სასაზე.

მწვავე ნეკროზულ-წყლულოვანი გინგივიტი ვლინდება მძიმე ანთებითი რეაქციითა და ე.წ. „შტამპისებრი“ წყლულების ფორმირებით კბილთაშუა დვრილებსა და მარგინალურ ღრძილზე. მისი მძიმე ფორმა, ნომა (განგრენოზული სტომატიტი), იწვევს ქსოვილების სრული სისქის დესტრუქციას (პოტენციურად ტუჩების ან ლოყის ჩართულობით) და ტიპურად ვითარდება კახექსიურ (დასუსტებულ) ან მალნუტრიციის მქონე პაციენტებში.


ნომა (განგრენოზული სტომატიტი)



















პათოლოგიური პროცესი იწყება ღრძილის, ლოყის ან სასის წყლულით (შუა ხაზის ლეტალური გრანულომა), რომელიც სწრაფად განიცდის ნეკროზს და პროგრესირებს. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ქსოვილების აშრევებას. იზოლირებული ორალური გონორეა იშვიათად ვლინდება ღრძილებისა და ენის მწველი წყლულებითა და ერითემით; მისთვის უფრო ტიპურია ფარინგიტი.

პირის ღრუ შესაძლოა პირველადი სიფილისისთვის დამახასიათებელი შანკრის ლოკალიზაციის ადგილი იყოს. მესამეულ სიფილისს კი შეუძლია გამოიწვიოს ორალური გუმების ფორმირება ან გენერალიზებული გლოსიტი ლორწოვანის ატროფიით.

აივ ინფექციის შიდს-ის სტადიაში პროგრესირების ხშირი მარკერია ბუსუსოვანი ლეიკოპლაკია (ვერტიკალური თეთრი ხაზები ენის ლატერალურ კიდეებზე).
C. albicans და მონათესავე სახეობები პირის ღრუს ნორმოფლორის კომპონენტებია. მათი ჭარბი ზრდა (ზეზრდა) შესაძლოა პროვოცირებული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიით, კორტიკოსტეროიდების მიღებით, ან იმუნოსუპრესიული მდგომარეობებით (მაგ., შიდსი).

პირველადი სიფილისი: ორალური შანკრი

C. albicans-ით გამოწვეული ინფექცია, როგორც წესი, ვლინდება მოთეთრო, ხაჭოსებრი ნადებით (ფსევდომემბრანული ფორმა), რომლის აშრევებისას ეროზიული ზედაპირი რჩება. თუმცა, ზოგჯერ ინფექცია მიმდინარეობს მხოლოდ ბრტყელი, ერითემატოზული (გაწითლებული) უბნების სახით, რასაც კანდიდას ეროზიულ ფორმას უწოდებენ.

დიაგნოსტიკური კვლევები

  • ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური კულტურა

  • ლაბორატორიული ანალიზები

  • ბიოფსია

მწვავე სტომატიტის მქონე პაციენტები, რომელთაც არ აღენიშნებათ სისტემური დაავადების სიმპტომები, კლინიკური ნიშნები ან რისკფაქტორები, როგორც წესი, დამატებით დიაგნოსტიკურ კვლევებს არ საჭიროებენ.

მორეციდივე სტომატიტის შემთხვევაში, დიაგნოსტიკური გეგმა მოიცავს: ვირუსულ და ბაქტერიულ კულტურულ კვლევას, სისხლის საერთო ანალიზს, აგრეთვე შრატისმიერი რკინის, ფერიტინის, ვიტამინ B12-ის, ფოლატისა და თუთიის კონცენტრაციის განსაზღვრას.
ცელიაკიის გამოსარიცხად, დამატებით ტარდება კვლევა ენდომიზიუმის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე.
გაურკვეველი ეტიოლოგიის პერსისტირებადი დაზიანებებისას, დიაგნოსტიკის მიზნით, შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარება პათოლოგიური და ჯანმრთელი ქსოვილის საზღვრიდან.

ასევე, ეფექტურ მეთოდად განიხილება რაციონიდან კონკრეტული პროდუქტების დროებითი ელიმინაცია (ელიმინაციური დიეტა) და პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების (კბილის პასტა, სავლები) ან საღეჭი რეზინის შეცვლა.

  • ეტიოტროპული თერაპია (გამომწვევი მიზეზის მკურნალობა)

  • პირის ღრუს ადექვატური ჰიგიენის დაცვა

  • გარეგანი (ადგილობრივი) საშუალებების გამოყენება (მაგ. სტომატიტის გელი)

  • კაუტერიზაცია (ქიმიური ან ფიზიკური)

ცალკეული სტომატიტის წამალი არ არსებობს. მკურნალობა გულისხმობს სპეციფიკური ეტიოლოგიური ფაქტორების (გამომწვევი მდგომარეობების) მართვას და მაპროვოცირებელი ნივთიერებების ან მედიკამენტების ელიმინაციას (შეზღუდვას). მაგ. თუ ეტიოლოგიურ ფაქტორად დადასტურებული არ არის სოკოვანი ინფექცია, დაუშვებელია ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა თეთრი კასტელანი ან წითელი კასტელანი.

ეთანოლის (სპირტის) შემცველი სავლების გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან ის ლორწოვანი გარსის ირიტაციას იწვევს და ამძიმებს სტომატიტის მიმდინარეობას.

მეორეული ინფექციის პრევენციის მიზნით, აუცილებელია პირის ღრუს საგულდაგულო ჰიგიენა (რბილი კბილის ჯაგრისისა და ფიზიოლოგიური/მარილიანი სავლების გამოყენება). რეკომენდებულია დამზოგველი (მსუბუქი) დიეტა, მჟავე და მარილიანი პროდუქტების ელიმინაციით.

სიმპტომების შემსუბუქებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ადგილობრივი საშუალება, როგორც მონოთერაპიის, ისე კომბინირებული სახით, მათ შორის:

  • ადგილობრივი ანესთეტიკები (ტკივილგამაყუჩებლები)

  • დამცავი გელები

  • ლოკალური კორტიკოსტეროიდები

  • ფიზიკური მეთოდები (მაგ., დაზიანების მოწვა )

დისკომფორტის კუპირების მიზნით, რომელიც პაციენტის მიერ საკვებისა და სითხის მიღებას აფერხებს, შესაძლოა ეფექტური იყოს:

  • ლიდოკაინის სავლები

  • სუკრალფატისა და ალუმინ-მაგნიუმის ანტაციდური საშუალების კომბინირებული სავლები

გაუტკივარება: საჭიროებისამებრ, ყოველ 3 საათში ერთხელ, პაციენტმა უნდა გამოივლოს 15 მლ 2%-იანი ბლანტი ლიდოკაინი. გამოვლების ხანგრძლივობა 2 წუთს შეადგენს. პროცედურის დასრულებისას ხსნარი უნდა გადმოიფურთხოს; დაუშვებელია მისი ჩაყლაპვა ან წყლით ჩამორეცხვა, გარდა ხახის ჩართულობით მიმდინარე პროცესებისა.

დამცავი ხსნარი: დამამშვიდებელი/დამცავი ხსნარის მოსამზადებლად, 1 სუკრალფატის ტაბლეტი იხსნება 15 მლ წყალში და ერევა 30 მლ თხევად ანტაციდს (ალუმინ-მაგნიუმი). პაციენტმა უნდა გამოივლოს მიღებული ნარევი; დასაშვებია მისი როგორც გადაყლაპვა, ისე გადმოფურთხება. შენიშვნა: ბევრ სამედიცინო დაწესებულებასა და ფარმაცევტულ ქსელს აღნიშნული ფორმულაციის (ცნობილი როგორცმაგიური სავლები“) საკუთარი ვარიაცია გააჩნია, რომელიც ზოგჯერ ანტიჰისტამინურ კომპონენტსაც შეიცავს.

თუ ექიმი დარწმუნებულია, რომ ანთების მიზეზი არ არის ინფექცია, პაციენტს შეუძლია:

· ყოველი კვების შემდგომ დექსამეტაზონის ელექსირის (0.5 მგ/5 მლ) გამოვლება (1 ჩაის კოვზი) და შემდგომ გადმოფურთხება.

· 0.1%-იანი ტრიამცინოლონის პასტის (სპეციალურ ემოლიენტურ ბაზაზე) დატანა დაზიანებულ უბანზე.

· ამლექსანოქსის დატანა თითის წვერით უშუალოდ წყლულოვან ზედაპირზე.

ლოკალიზებული დაზიანებების დროს ტკივილის კუპირების მიზნით შესაძლებელია ქიმიური ან ფიზიკური კაუტერიზაცია (მოწვა). ვერცხლის ნიტრატის ჩხირები ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე CO2 ლაზერით თერაპია (დაბალი სიმძლავრით: 2-3 ვატი; დეფოკუსირებული, იმპულსური რეჟიმი). ლაზერული პროცედურის შემდეგ ტკივილი მომენტალურად ქრება და დაზიანება იმავე ადგილას, როგორც წესი, აღარ ვითარდება.

  • იზოლირებული სტომატიტი, სისტემური დაავადების სხვა სიმპტომების, ნიშნებისა თუ რისკფაქტორების არარსებობისას, უმეტესად ვირუსული ინფექციით ან მორეციდივე აფთოზური სტომატიტითაა განპირობებული.

  • ექსტრაორალური (პირის ღრუსგარე) სიმპტომატიკის ან/და გამონაყარის არსებობა დაუყოვნებლივი დიაგნოსტიკური კვლევების აუცილებლობაზე მიუთითებს.

სტომატიტის ეტილოგია

სტომატიტის კლინიკური შეფასება

ნომა (განგრენოზული სტომატიტი) - samedicino-targmani.ge
ნომა (განგრენოზული სტომატიტი) - samedicino-targmani.ge
სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა - ჰერპეს ვირუსული ჰეპატიტი
სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა - ჰერპეს ვირუსული ჰეპატიტი
სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა - მარტივი ჰერპესი
სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა - მარტივი ჰერპესი
ვულგალური პემფიგუსი - სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა
ვულგალური პემფიგუსი - სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა
კანდიდოზური (სოკოვანი სტომატიტი) - სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა
კანდიდოზური (სოკოვანი სტომატიტი) - სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა
პირველადი სიფილისი - ორალური შანკრი - samedicino-targmani.ge
პირველადი სიფილისი - ორალური შანკრი - samedicino-targmani.ge

სტომატიტის მკურნალობა

ძირითადი პუნქტები

გჭირდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო თარგმანი კლინიკური გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ექიმებისგან?

დაგვიკავშირდით ახლავე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია ნებისმიერი ტიპის სამედიცინო დოკუმენტის თარგმანთან დაკავშირებით!